“ბირჟა მაფიას” ქეისი - თვალთმაქცი და მანიპულირებადი საზოგადოება  

“ინტელექტი, როგორც ინდივიდის შენარჩუნების საშუალება, თავის ძირითად უნარებს თვალთმაქცობაში ასახავს”, - უცნობია, რამდენად ეთანხმება ფრიდრიხ ნიცშეს ამ მოსაზრებას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ რადგან, თავად განგვიცხადა, რომ ნიცშესთან ბევრი რამ აქვს სადავო, ალბათ არის რაღაც რაღაცეები, რაშიც სავარაუდოდ, უნდა ეთანხმებოდეს კიდეც. თუნდაც იმაში, რომ ინტელექტი - “ეს სწორედ ის საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც უფრო სუსტი, ნაკლებად გამძლე ინდივიდები, თავს ინარჩუნებენ, როდესაც უფრო ძლიერებთან არსებობისათვის ბრძოლის უნარს არიან მოკლებულნი ან ამ ბრძოლას მტაცებელი ცხოველის სიშლეგით ვერ წარმართავენ, რამდენადაც ადამიანში თვალთმაქცობის უნარი მწვერვალს აღწევს”. 

ფოტოები - ედო მჟავანაძე

ფოტოები - ედო მჟავანაძე

სწორედ აქ გავჩერდეთ - ანუ დაბეჯითებით შეიძლება იმაზე საუბარი, რომ “ადამიანში თვალთმაქცობის უნარი მწვერვალს აღწევს”. ახლა არც იმის განვრცობა ღირს, მით უფრო ბატონი ბიძინასთვის, რომელმაც “თემა იცის”, რომ სწორედ მეტნაკლები ინტელექტის მეშვეობით მოიპოვა მის კარზე სამსახური უმარავმა ადამიანმა და ამ ადამიანების უმეტესობა თვალთმაქცობს. როგორ? თურმე ათასგვარი ხერხით, მაგალითად, ესაა თავგზის აბნევა, მაამებლობა, სიცრუე, შეცდომაში შეყვანა, ზურგს უკან ლაპარაკი, რეპრეზენტულობა, ნასესხებ ბრწყინვალებაში ცხოვრება, შენიღბულობა, შეფარულობა, მსახიობობა…
შესაბამისად, არც ექსპრემიერს უჭირს, სავარაუდოდ, ამ თვალთმაქცი მაქციების ამოცნობა, მაგრამ იმაგრებს გვერდით, რადგან სჭირდება, სწორედ ისეთები როგორებიც არიან. 
დიახ, მაგალითად, სჭირდება “ინტელექტუალი” ჯეჯელავაც, რომელიც ყველაზე მეტად მაამებლობს, ცრუობს. ამ “ქოუჩს” ავიწყდება ერთი ჭეშმარიტება - “საკუთარი თავის მოტყუებინებისაკენ თავად ადამიანია მიდრეკილი”. შესაბამისად, ის რომ ჯეჯელავა გვატყუებს ხოლმე და სისულელეებს გვეუბნება, ეს მისი ტყუილია ბატონო ბიძინა, მისი თვალთმაქცობაა, ისევე, როგორც ხელისუფლებისა და მეოცნებე ამომრჩევლების. თუმცა აქ დიდი ცდომილებაა, რადგან ოცნების ამომრჩეველთა რაოდენობა არ ემთხვევა თავის მომტყუებელთა რაოდენობას.

ეს პრელუდია “რეპერების”, რეალურად “ჩამდები პოლიციელების” საქმეზე

---
ქვეყანაში მიმდინარე ნარკოპოლიტიკამ არაერთ ჩვენს თანამოქალაქეს დაუმახინჯა ცხოვრება და მომავლის რწმენა, დაუკარგა შანსი ყოფილიყვნენ ქართული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. 

განსაკუთრებით ამაზრზენია ე.წ. ნარკოტიკების “ჩადების” ფაქტები, რომელსაც ქართველი სამართალდამცავები მათთვის არასასურველი პირების დისკრედიტაციისა და მათი დასჯის მეთოდად იყენებენ. 

აბსოლუტურად მიუღებელია ქართველი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილისა და ხელისუფლებებთან აფილირებული ადამიანების დამოკიდებულება პრობლემისადმი. რატომღაც, არავინ სვამს კითხვას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე გვაქვს დანაშაულთან, საიდან შემოდის ქვეყანაში ის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც აქ არ იწარმოება და ხომ არ არის ეს თავად ხელისუფლების ცალკეულ ეშელონებში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირების ბიზნესი? ხომ სწორედ ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს ნარკოტიკების ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. მით უფრო, რომ სახელმწიფოს აქვს შესაბამისი ვალდებულებები როგორც საკუთარი მოქალაქეების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. 

აღნიშნულის მიუხედავად, ცხადი ხდება, რომ ხელისუფლების მიერ ე.წ. ნარკოტიკების “ჩადება” რეპრესიულ მეთოდად ჩამოყალიბდა. 
ისიც აშკარაა რომ ბოლო ფაქტი - „ბირჟა მაფიას“ რეპერების საქმე - სცდება კონკრეტულად შესაძლო ნარკოდანაშაულის ჩარჩოებს და ეს არის გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. 

ამ შემთხვევაში პოლიციამ, პროკურატურამ და სასამართლომ დაუშვეს მნიშვნელოვანი შეცდომა - დანაშაულის “შეტენვისას” მათ არ გაითვალისწინეს “დამნაშავეების” ცხოვრების წესი, მათი ღირებულებები, მსოფმხედველობა და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ექს-პრემიერის შვილის სოლიდარობა, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა პოლიციელების ჩანაფიქრი. 

როგორც აღმოჩნდა, მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია არასოდეს ყოფილან შემჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში და არიან საზოგადოებრივად აქტიური ახალგაზრდები, ხოლო საქმე საზოგადოების ფართო ფენების ინტერესის საგანი გახდა. ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ რეალურად ისინი კლიპის გამო დააკავეს და ნარკოტიკები ჩაუდეს.

მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კლიპის შინაარსი და გამოყენებული ვიზუალი გამოხატვის თავისუფლებით სრულადაა დაცული. ამავდროულად, როგორც ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტი, ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 23–ე მუხლის მე–2 პუნქტითაც, რომლის მიხედვით, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.“ არავინ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ზეწოლას თავისი უფლებით სარგებლობის გამო. ასევე, დაუშვებელია ყოველგვარი ხელშეშლა უფლებით სარგებლობაში. 
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153–ე მუხლით დასჯადია სიტყვის თავისუფლების ხელყოფა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, დანაშაულს წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ან/და ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. 
 
როგორც კი “მონასტერი აირია” და საზოგადოებრივმა ისტერიამ პიკს მიაღწია, სახელისუფლებო პიარის მამა კოკა ყანდიაშვილი ვითარების განმუხტვას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე შეეცადა: “ნუ პანიკობთ ! კლიპის გამო 20 წელი არა - კვახი. ყველაფერი სამართლიანად იქნება !!!”. ეს სიტყვები უკვე ცხადყოფდა, რომ თავად ხელისუფლება იყო პანიკაში და დაკავებულებს მინიმალურ სასჯელს აკმარებდნენ. ბერა “სცენაზე” მოგვიანებით გამოჩნდა. ამის მიუხედავად, მაინც მოისინჯა საზოგადოებრივი განწყობა და სპიკერ, ვიცე-პრემიერ, მინისტრმა ჯეჯელავამ  გაახმოვანა, რომ დაკავების მიზეზი ნარკოტიკი კი არა ანტისახელმწიფოებრივი კლიპი იყო. 

როგორც კი სუს-მა ხელისუფლებას მოახსენა, ფილარმონიასთან შეკრებილი ახალგაზრდობის რაოდენობის შესახებ, გამოქვეყნდა კვირიკაშვილის განცხადება, რომელიც აბსოლუტურად არ პასუხობდა დღის თემას - დაკავებულთა განთავისუფლებას. ამის გახმოვანების ექსკლუზიური უფლება ბერას მიენიჭა. კალაძის “პომადკა” კი მერობისთვის “კაი ბიჭობის” სიმულაცია იყო და ეს სვლა არავინ ჭამა. რეალურად ამ “თვითჩაწერით” მან პიარსვლა წააგო, თუმცა ის კი დაანონსა, რომ დანაშაული პოლიციამ ჩაიდინა და არა ბერას კოლეგებმაო.

---

რაოდენ ძნელი მოსასმენიც არ უნდა იყოს ამ ყველაფერს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ახლავს. ხელისუფლებამ მოახერხა ვითარების მანიპულირება და ისრების გადაყვანა სასურველი მიმართულებით. 

პრემიერის მიერ პარლამენტისთვის საშემოდგომოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალური კანონის მიღების “თხოვნა”, საარჩევნოდ გაკეთებული გათვლაა და ეს განცხადება სრულებითაც არ იყო ადეკვატური მომხდარ დანაშაულთან მიმართებაში.

“ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია რა კავშირშია ჩადების პრობლემასთან, ანუ მაგალითად რეპერების საქმესთან? პოლიციას უბრალოდ მიმოქცევის ხარჯები გაეზრდებათ - იარაღი, ან მძიმე ნარკოტიკი (დიდი ოდენობით) და მისი ჯანი. ეს საზოგადოების პრობლემაც არის, როდესაც ნახევარგადაწყვეტილებით კმაყოფილდება და გამარჯვების ყიჟინას დასცემს. მთავარი პრობლემა კი პრობლემად რჩება”, - აღნიშნა ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა. 

შესაძლოა, მავანთათვის სულაც არ იყოს საიტერესო ხანგრძლივი ბრძოლის პროცესში ჩაბმა, მაგრამ განა ცხადი არ არის, რომ ეს საქმე არც კი “გასაქმდებოდა” ქვეყანას თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო რომ ჰქონდეს და საზოგადოება ამ უმთავრესი - ხელისუფლებისა და ნებისმიერი გავლენისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნისთვის იბრძოდეს. 

“პირველადი გახლავთ ძლიერი სახელმწიფო, თავისუფალი სასამართლო სისტემით და სამართლიანი კანონებით. "ჩადება", "გაპრესვა", "საქმის შეკერვა" და მისთანა პოლიციური ხრიკები გახლავთ მეორადი, წარმოებული სუსტი სახელმწიფოს, დაქვემდებარებული სასამართლოს და უსამართლო კანონებისგან. ამიტომ, საზოგადოებამ სწორედ პირველადის მისაღწევად უნდა იბრძოლოს და არა უბრალოდ მეორადის წინააღმდეგ, რადგან სუსტ სახელმწიფოში არასდროს, არავინ იქნება დაცული სახელისუფლებო ტერორისგან. ამიტომ არ მიყვარს ასეთი აჟიტირება ერის "ვითომგამოფხიზლებაზე". პრიორიტეტებაღრეული საზოგადოების ფუჭად დახარჯული ენერგიაა. არაფრის მომტანი. არაფორმალური მმართველის ირიბი ჩარევა (მემკვიდრის ხელით) ამ პროცესში, ყველაზე ნათელი მაგალითია იმ მახინჯი სისტემისა, რომელიც ქვეყანაშია გამეფებული. ასეთი ჩარევის შემდეგ ამ ახალგაზრდების გამოშვება სასიხარულო ამბავი კი არა, საზოგადოების ტრაგედიაა”, - აცხადებს დიპლომატი მამუკა გამყრელიძე. 
-----
და ისევ ნიცშე, ამჯერად სრულიად მისაღები ექსპრემიერ ივანიშვილისთვის - ისევ და ისევ თვალთმაქცობა. დიახ, საზოგადოება თვალთმაქცობს - როდესაც ამბობს, რომ ამ საქმეში გაიმარჯვა; თვალთმაქცობს - როდესაც ელოდება, რომ შემოდგომაზე ლიბერალური ნარკოკანონი ექნება; თვალთმაქცობს - როდესაც არ იბრძვის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და თავს იტყუებს - როდესაც ფიქრობს, რომ გმირია. ამ თვალთმაქცობის გარეშე ცხადია, რომ ყველა ზომოთჩამოთვლილ საკითხში ხელისუფლებამ მოახერხა ინდივიდებითა და საზოგადოების უმეტესი ნაწილით მანიპულირება. 

გიორგი ემხვარი