ხელოვნების შემდეგ ანუ ''თავიდან''

მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის კარი სულ ახლახანს გამოვიხურეთ, თანამედროვე ხელოვნების ბევრი ფუნდამენტური მიგნება, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ეპოქაში,  დღეს უკვე გვარიანად მოძველებული ჩანს და მძიმე ტვირთად აწევს ღირებულებათა გადაფასების აუცილებლობის წინაშე უკვე მერამდენედ დამდგარ კაცობრიობას.

პოსტმოდერნიზმის მიერ ''თამაშის'' პრინციპით მოწყობილი სივრცე დღეს საბოლოოდ თავს აღწევს გალერეაში ჩაკეტილობას და ცხოვრების ესთეტიკურად ფორმირებაზე პრეტენზიით სოციალ-პოლიტიკური პროცესის განუყოფელი ნაწილი ხდება.
რადიკალურად ავანგარდისტული ასეთი პოზიციის მიღმა, ''ძველ'' საგალერეო სივრცეებში ინტენსიურად მიმდინარეობს თანამედროვე მოვლენების ინტელექტუალურად გადააზრება და მათი დაფიქსირების ახლებური გზების ძიება, როგორც ფორმის, ისე კონცეპტუალური თვალსაზრისითაც.

სულ ახლახანს, სხვადასხვა მიმართულებაში მომუშავე ოცი ქარველი და გერმანელი არტისტი სახელოვნებო დიალოგისათვის შეიკრიბა ''თანამედროვე ხელოვნების ცენტრის'' (თბილისი) და ჩრდილოეთ ვესტფალიის (გერმანია) კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე, სახელწოდებით ''თავიდან''.
პროექტი პირდაპირ იყო აქცენტირებული გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების გამომსახველობითი მხარის შეგნებულად გამარტივებული სახით პრეზენტაციისკენ. თანაც ისე, რომ ამ გზით გამოთავისუფლებულ სივრცეში უფრო მეტი ინტერაქტიულობისა და სოციალური ჩართულობის შესაძლებლობა თავისთავად გაჩენილიყო. 

თბილისის ქუჩებში მოგზაურობისგან მიღებული შთაბეჭდილებები ფრაიბურგელმა არტისტმა კაი რეინეკმა კარგად მიუსადაგა გამოფენის კონცეფციას და თბილისში ახლადგამოცვლილი სახურავების ''პრიალი'' მინიმალისტურ ნამუშევრად გადააქცია. საგამოფენო სივრცის გარე პერიმეტრზე, ორი შენობის კედელი ჩვეულებრივი თუნუქის სახურავით ისე უპრეტენზიოდ შეფუთა, რომ თითქმის წაშალა ზღვარი არტისტის შემოქმედებით მიდგომასა და ჩვეულებრივი მეთუნუქის ოსტატობას შორის (კ. რეინეკ, ''ციმციმი''). 

''გამოთავისუფლებული'' სივრცის იდეას შესანიშნავად ეხმაურებოდა მთავარი საგამოფენო დარბაზის სასიამოვნოდ მოწყობილი ექსპოზიციაც. მიუხედავად ამისა, ბერლინელი არტისტის კეროლინ ბაიერის ნამუშევრის შინაარსი მაინც კომპლექსურ გზავნილს წარმოადგენდა და ''ოქროს საწმისის'' მითოლგიური ელემენტის ურთიერთმიმართება საყდრისის საბადოების მტკივნეულ პრობლემასთან, საკმაოდ ირონიულად მიანიშნებდა საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ჩვენი არცთუ სახარბიელო დამოკიდებულების შესახებ.

ანა და თამარ ჩადუნელების კომპიუტერული თამაშების თემატიკაზე შექმნილი ვიდეო-არტისა და ფერწერის კომბინაცია საყურადღებო იყო არა მარტო გამოფენაზე ცენტრალური ადგილის თვალსაზრისით, არამედ პირველ რიგში, სხვადასხვა განზომილებაში წარმოდგენილი ნამუშევრის ესთეტიკური გამართულობის გამო (ა. ჩადუნელი, თ. ჩადუნელი, ''უსაფრთხოება გარანტირებულია'').

გამოფენაზე მოცულობისა და შრომატევადობის თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული, ბერლინელი არტისტის ლარს ბრუერის მიერ გალერეის კედლის თითქმის 50 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული, სთრით არტის თემატიკაზე შესრულებული ნამუშევარი, ქართული და გერმანული ალფავიტის კომბინაციით წარმოადგენდა შემოქმედებითი პროცესის მიმართ ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას (ლ. ბრუერ, ''სიმართლე'').

სახელოვნებო დიალოგის განსახორციელებლად ყველაზე შესაფერისი სივრცე გამოფენაზე, ალბათ, ალტერნატიულ ლოკაციაზე მამუკა ჯაფარიძისა და პატრიკ ივეს მიერ განხორციელებული ინიციატივა იყო: კოლაბორაციული პროექტი, სადაც კედელზე I.P.M აბრევიატურით ნაჩვენები ''საერთაშორისო შეხვედრების'' იდეის რეალიზება იქვე ხდებოდა, არომატული სასმელის ორიგინალური ფორმით დისტილაციისა და დაგემოვნების ხარჯზე. შესაბამისად, გამოფენაზე დამთვალიერებლის კონცენტრაცია ყველაზე მეტად ამ ადგილზე შეიმჩნეოდა და  ბუნებრივად აჩენდა შესაძლებლობას როგორც სახელოვნებო, ასევე ბევრი სხვა მიმართულებით ქართულ-გერმანული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

დამთვალიერებლისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იქნებოდა გამოფენის გახსნის ცერემონია, რომელიც თავისთავად უკვე იყო ინტერდისციპლინარული კავშირების პრეცენდენტი. რადგან, გამოფენა „თავიდან“ მიმდინარეობს ქართული მედიცინის მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში, შესაბამისად, გახსნაზე ქართულ-გერმანულ მხარეს წარმოადგენდა გამოფენის კურატორები ვატო წერეთლი და მარია ვილდაისი, აგრეთვე, მედიცინის მუზეუმის  დირექტორი რამაზ შენგელია.

გახსნის ცერემონიას შოუს თვალსაზრისით მართლაც ეფექტურად უზრუნველყოფდა ჯგუფი Sculptress of Sound, რომელიც მრავალპლანიან საუნდ-პერფორმანსს, ორ არხიანი ვიდო ინსტალაციის მოცულობითი ცვალებადობის ჩვენებით წარმოადგენდა.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული გამოფენის ქართულ-გერმანული სახელოვნებო დიალოგის კონცეფცია აუცილებლად მოახდენს ისეთი ტიპის პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომლის საფუძველზეც მომავალში კარგად იქნება შესაძლებელი შემოქმედებითი და ინოვაციური ბევრი მიმართულების სწორი პერსპექტივით განვითარება.

ედიშერ ბერაძე


bakur tvrineli