Tbilisi Open Air 2017- მელანქოლია და დრაივი

მღელვარება თავისუფლების თავბრუსხვევაა - სიორენ კირკეგორი

      მუსიკა ათავისუფლებს... Open Air-ის ამ სავიზიტო სლოგანს შეგვიძლია სიორენ კირკეგორის სიტყვები წავუმძღვაროთ- „მღელვარება თავისუფლების თავბრუსხვევაა“.  მღელვარება, რომელმაც ათასობით მელომანი (თუ არამელომანი) ერთ ღია სივრცეში გააერთიანა და დაუვიწყარი ემოციური გამოცდილება დაუტოვა; საბოლოო ჯამში კი წლევანდელი ფესტივალი, მინიმუმამდე დაყვანილი ხარვეზებითა და უკმაყოფილებით (სასმელზე ფასებითა თუ სიურეალისტური ტუალეტებით)  შეიძლება   აქამდე ჩატარებულ ფესტივალებზე სრულყოფილად (თავის ორგანიზებით, აუდიტორიით და ა.შ) მივიჩნიოთ, რაც მომავალი წლებისადმი  მეტ მოლოდინს აჩენს.

      ლისის „საოცრებათა ქვეყანაში“ სიჭრელე ნამდვილად იგრძნობოდა- იდეური, ადამიანური და სოციალური სიჭრელე... აღნიშნულ სივრცეში ყველა პერსონალური მიზეზის გამო აღმოჩნდა. ზოგი მუსიკის მოსასმენად, ზოგი გასართობად და რუტინის დროებით დასამარცხებლად თუ  სოციალური ცხოვრების დასავიწყებლად. ზოგიც დასალევად, მოსაწევად...მოსაპარად.. ან უბრალოდ ემოციების დასათრგუნად და ჩაბნელებულ სივრცეში სახარხაროდ თუ  სატირლად.

ფოტო - ნეტგაზეტი, გიორგი დიასამიძე

ფოტო - ნეტგაზეტი, გიორგი დიასამიძე

        აქ ყველას „მეს“ ინტიმური ემოციები და იდეები ათავისუფლებდა, მუსიკა და მისი ლირიკა კი  მთავარი კატალიზატორი იყო. აუდიტორია  „რიტმულად დამორჩილებულ“ და „ემოციურ“ ნაკადებად დაიყო.  „ვინც ქვითინებს არ უწევს წინააღმდეგობას მას, ვინც მარშირებს. მუსიკა, სოციალური დამოკიდებულებისაგან  "განთავისუფლების" მეშვეობით, ნებას რთავს მსმენელს, რათა  შეურიგდეს საკუთარ უბედურებას“.

ქართული ბენდები

      ალბათ თითოეულ თქვენთაგანს გახსოვთ ფაქტი, როცა შარშანდელ ფესტივალზე რამდენიმე ქართულმა ბენდმა ფესტივალზე გამოსვლაზე უარი თქვა. მიზეზად მათ მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება (კიდევ ვინ იცის რა) დასახელდა.  ეს ჟესტი  ნამდვილად დასაფასებელი იყო, რადგან პრობლემა დღის სინათლეზე გამოიტანა.

      ზოგადად ქართულ სახელოვნებო სივრცეებში არტისტებს  არაერთი საერთო წინაღობა  აერთიანებთ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ვერ ვისმენთ მათი მხრიდან კრიტიკულ აზრს, რომელიც ნებისმიერ „მჩაგვერ მექანიზმს“ უნდა მიემართებოდეს... აღნიშნული ფაქტი კი ის პრეცენდენტი  აღმოჩნდა, რომელმაც დიდწილად განაპირობა წლევანდელ ფესტივალზე ქართული შემსრულებლების სიმრავლე. ხანდახან შეცდომებზეც სწავლობენ...

       ჟანრული მრავალფეროვნება ქართველ შემსრულებლებშიც შეინიშნებოდა, რაც მსმენელს არჩევანის გაკეთებას უადვილებდა. Kung Fu Junkie-იმ ჩვენს ტვინებში დალუქული ყვავილები კვლავ გააცოცხლა, Psychonaut ბიჭებმა კვლავ იღრიალეს, LOUDspeakers-მა LOUDspeakers გააკეთა, დეისაძემ მამის კულტი დაივიწყეთო, „არამ“- არაო, ჩვენ დაგვივიწყეთო...  „დაგდაგანმა“ ტკივილგამაყუჩებლები არ იმოქმედებსო და დედაც მოვტყან ყველასიო, ყველაფრის და ყველასიო.

        მაგრამ  ამ წლის ქართული ‘ჰედლაინერი’ სულ სხვა ბენდი იყო. 15 წლის შემდგომ სცენას Soft Eject დაუბრუნდა და სრულიად გენიალური და საოცარი LIVE PERFORMANCE დადო.  მეტიც,  გვეყოს გამბედაობა და ვთქვათ, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო  LIVE მთლიანად ფესტივალის ისტორიაში. ერთი მხრივ, მუსიკით და სრულიად ორგანულად შესრულებული სიმღერებით, რომელთაც მივიწყებული და  მიძინებული ფოლკ-როკი გააცოცხლეს. მეორე მხრივ, მსმენელთან დამყარებული  ვერბალური და ემოციური კომუნიკაციით... და საერთოდაც, დავესესხოთ მერი ტრევერსს და ვთქვათ, რომ ფოლკ-მუსიკა ყოველთვის შეიცავდა  ადამიანის მდგომარეობისადმი პირდაპირ კავშირს.

Anathema

      ფესტივალის ერთ-ერთმა მთავარმა ჰედლაინერმა და  გოთური მუსიკის პიონერებმა დაუვიწყარი LIVEდადეს და მსმენელს დროებით დაემშვიდობნენ... ანათემა აუცილებლად უნდა დაბრუნდეს.

ფოტო - ნეტგაზეტი, მარიამ ბოგვერაძე

ფოტო - ნეტგაზეტი, მარიამ ბოგვერაძე

      ჯგუფმა გამოსვლა საკუთარი Magnum Opus-ით (Untouchable) დაიწყო. შოკურმა და ემოციურმა თერაპიამ სათავე სწორედ  აქედან აიღო.  დრაივითა და მელანქოლიით სავსე მუსიკას, პოეტური ლირიკა ამძაფრებდა. ანათემამ ერთგვარი სიზმარი დადგა (პირობითად სასიყვარულო კოშმარი), მსმენელს ჩაბნელებული ლაბირინთის ბოლოს შუქი აუნთო და გამოფხიზლებისკენ მოუწოდა: 

'Because I've never seen a light that's so bright

As the light that shines behind your eyes....

Then I wake

Tell me what could I do?..'

    მსმენელი ძმებ კავანებს სენტიმენტებით დამუხტულ „შავ თამაშში“ აყვა და დაუვიწყარი პერფომანსიც შედგა, რაც  პუბლიკის დამსახურებაა. რთულად გასახსენებელია ასეთი ერთიანი და ამავდროულად დამოუკიდებელ მსმენელთა რაზმი. მიუხედავად რამდენიმე სნობი ჰიპსტერის აუდიტორიისადმი ქილიკისა (ეს უფრო მეტად Archive  გამოსვლაზე იგრძნობოდა, რაც გამოიხატა გაჟღერებული ფრაზებით რომ თითქოს ტექსტი არავინ იცოდა და ხალხი არაადეკვატური იყო), შოუ შედგა. ამ სივრცეში კი ყველა ის იყო, რაც რეალურად არის... ზოგი მღეროდა, ზოგიც თვალდახუჭული პირად განცდებზე ფიქრობდა.. კარგი შოუ გამოხატვის მრავალფეროვნებით შედგა. ამ განზომილებაში კი ყველა  ადამიანი თანასწორია; დენილ კავანა ერთ-ერთ ინტერვიუში სიმღერის მნიშვნელობაზე საუბრობს (რაც შეგვიძლია ვთქვათ რომ  ჯგუფის ლირიკების ზოგად სახეს ქმნის): „ეს სიყვარულის განცხადების ბოლო სტადიაა, ვიღაცის კურთხევასა და ამაღელვებელ  წარსულზე, რომლის  მიუხედავადაც გრძნობები ასეთი ლამაზი რჩება... თუ ნამდვილად გიყვართ ვინმე, მიეცით უფლება იყვნენ როგორებიც რეალურად არიან. ესაა მთავარი იდეა. უნდა წახვიდეთ მათგან, ვინც არ გაგრძნობინებთ იმას,  რასაც თქვენ მოელით“.

Leningrad

        DDT-ის და ზემფირას შემდგომ, თბილისს ცნობილი როკ-ბენდი - ლენინგრადი ეწვია.  სერგეი შნუროვის (ან უბრალოდ შნური) დირიჟორობით, მსმენელმა ყველაზე ენერგიული, მხიარული და ქაოტური LIVE ნახა, რაც არანორმალურად “დუხიანი” ორკესტრის დამსახურებაა.

        აუდიტორია შნურს ბოლომდე აყვა.  ორმხრივი კომუნიკაცია კი სიმღერით, ცეკვით, გინებით და ყვირილით გამოიხატა. ირგვლივ, ისევე როგორც სცენაზე, ყველა არაფხიზელი იყო და ერთგვარი იმიტაციური რეალობა შეიქმნა, სადაც მსმენელი აგრესიისაგან და გაბრაზებისგან ბოლომდე დაიცალა. მარტივ და სასაცილო ტექსტებს ყველა ერთად ვმღეროდით.. შნური კი ნელი ტემპით ზრდიდა სცენაზე ალკოჰოლის შემცველობას.  სწორედ ამ მომენტში დაილექა ყველანაირი პრობლემა, დეპრესიული და კრიზისული განწყობა კი „ხუი, ხუისა“ და „ტოჩკა რუს“ ძახილმა შეცვალა.

Archive

       ყველაზე ემოციური და მასშტაბური (მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა) მაინც ლონდონელი მელანქოლიკების LIVE გამოდგა. გამოსვლა ახალი სიმღერებით დაიწყო და ერთი შეხედვით ‘მოსაწყენი’ ჩანდა, თუმცა მალევე  ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა. აუდიტორიამ თუ „მაკონტროლებელი ბრბომ“ საყვარელი სიმღერები მოისმინა.  ჯერ გაბრაზება Fuck You-ს ძახილით დათრგუნა, YOU MAKE ME FEEL-ისა  და Controlling Crowds-ის მეშვეობით ემოციური შემოლაწუნება  და რეალობისაგან  (ოცნებებთან) პირდაპირი  ბიძგები იგრძნო... ყველა საკუთარ ფიქრებში ჩაიძირა... როდესაც ჯგუფმა სცენა დატოვა, გრძნობების ლაბირინთში ჩაძირულს ჩემი  ორი ფრაზა გამახსენდა.  პირველი, 3 ივნისიდან აკვიატებული ფრაზაა, რომელიც თითქოს (მას შემდგომ)  თითოეულ დღესა და ღამეს ლეიტმოტივად გასდევს: „ყველაფერი წავაგე(თ), ყველაფერი...“. მეორე ფრაზამ კი პირის აპარატიდან „საოცრებათა ქვეყანაში“ შესვლამდე გაიჟღერა: „Again რომ იმღერონ, მოვკვდები...“ რასაც მარტივი და შიდა მეგობრული პასუხი მოჰყვა: „დაივიწყე...“.

ფოტო - ნეტგაზეტი, გიორგი დიასამიძე

ფოტო - ნეტგაზეტი, გიორგი დიასამიძე

           ხოლო იმის დავიწყება, რაც სცენიდან გამოსული ბენდის და Again-ის შესრულების შემდგომ მოხდა,  შეუძლებელია. მიუხედავად არასრული  და არასრულყოფილი შესრულებისა, ეს იყო ყველაზე დიდი ემოციური შოკი რაც კი აქამდე ფესტივალისგან  მიმიღია. ლირიკაში გაჟღერებულმა სიტყვებმა რეალობაში გადმოინაცვლეს, კონცეპტები შეიძინეს  და ნაგროვები  ემოციები ამოფეთქეს.

If I Walk away from you And leave my love
Could I laugh again ?

გავიცინებთ კი?

ალექსანდრე გაბელია

bakur tvrineli