გიორგი მუხაძე - გარდაქმნის გზა ავტორების რადიკალიზმია

კარლოვი-ვარის კინოფესტივალი  წელს რიგით 52-ე ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიებაზე  ორი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია წარმოდენილი. მთავარ კონკურსში გიორგი ოვაშვილის „ხიბულა“ მონაწილეობს,  ხოლო East of the West  სექციაში მარიამ  ხაჭვანის „დედე“.  ამასთანავე მაყურებელს   Future Frame-ის ფარგლებში ათი ახალგაზრდა ევროპელი რეჟისორის ნამუშევრის ნახვის შესაძლებლობა აქვს. ერთ-ერთი მათგანი  კი გიორგი მუხაძეა, რომელმაც ფესტივალისა და ქართული კინოს შესახებ „მაგ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როდის დაინტერესდი  პირველად კინომატოგრაფით და აქამდე გამოვლილ გზაზეც გვითხარი ორიოდე სიტყვა.

კინემატოგრაფით ღრმა ბავშობიდან დავინტერესდი. პირველი მნიშვნელოვანი სურათი „ლურჯი ანგელოზი“ იყო,  რომელიც ძალიან მომეწონა და მას შემდგომ აქტიურად დავიწყე ფილმების ყურება. უკვე მქონდა იმის  განცდა, რომ ამ საქმეს გავყვებოდი.  თავიდან წერით დავიწყე, გაზეთ  „24 საათში“ ვწერდი პატარა სტატიებს. შემდგომ  თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და  მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება დავიწყე. ბოლოს  სადიპლომო ფილმი გავაკეთე; ამასთანავე, როგორც ასისტენტს, მიმუშავია  სხვადასხვა რეჟისორის ფილმებზე,  ვეხმარებოდი მეგობრებს და ა.შ. და ა.შ.

შენი მოკლემეტრაჟიანი ფილმი-„ანას მოლოდინში“  კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე, კერძოდ კი Future Frames: Ten New Filmmakers To Follow სექციაში მოხვდა.  პირველი ჩვენება 4 ივლისს გაიმართა. როგორ შეხვდა მაყურებელი სურათს   და ზოგადად  ნამუშევარზე რას გვეტყვი?

ფილმი  და-ძმის ისტორიაზე გვიამბობს. და-ძმის, რომელთაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავთ ერთმანეთი.  საბოლოოდ კი დედის გარდაცვალების შემდგომ ხვდებიან ერთმანეთს... ისტორია არის ორი ადამიანის გაუცხოებაზე და იმაზე,  თუ როგორ აწვება ადამიანებს გარემო და არ აძლევს   ურთიერთობის აღდგენის საშუალებას.  ასევე ქვეტექსტად  მიდის როლების გაცვლის ფაქტი.  თუ ხშირ შემთხვევაში და ითავსებს დედის მომვლელის როლს  და ძმა  ამ ყველაფრისგან თავისუფალი და განყენებულია, აქ პირიქით ხდება. სწორედ ამიტომ,  ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი -ანა- საზოგადოებისთვის უფრო გარიყულ,  მიუღებელ და ცუდ ტიპს წარმოადგენს.  როდესაც ის სახლში ბრუნდება, გმირები  კლაუსტროფობიულ გარემოში ხვდებიან. მოკლედ  რომ ვთქვათ, ფილმი ამ გაუცხოების ისტორიაზეა. ამათანავე   შეუმდგარ  ბიჭზე,   როგორც  ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოში. თუმცა პატრიარქალურ სამყაროში ეს  გმირი ამ როლების გამო უფრო დაჩაგრული ხდება. ამას ემატება ისიც, რომ იგი დედას კარგავს და მისი დაკარგვის შემდგომ უსუსური ხდება.   რაც შეეხება ფილმის ჩვენებას, ჩვენებამ  ძალიან  კარგად ჩაიარა.  ყველაზე  საგულისხმო  ისაა რომ დარბაზი  სავსე იყო  და ზოგადად კარლოვი-ვარის კინოფესტივალს შესანიშნავი მაყურებელი ყავს, გულწფრელი და საინტერესო აუდიტორია, რომელიც ძალიან საინტერესო შეკითხვებს სვამს.

როგორც ვიცით  ამ სექციაში აჩვენებენ ახალგაზრდა ევროპელი რეჟისორების სადებიუტო ფილმებსა და  სტუდენტურ ნამუშევრებს.  რას იტყვი ნანახ ფილმებსა და ტენდენციებზე?

 სექციაში  ფოკუსირებულია ახალგაზრდა ათი რეჟისორის ფილმებზე. ამასთანავე შეხვედრები გვაქვს სხვადასხვა ფესტივალის წარმომადგენლებთან, პროდიუსერებთან და  სელექციონერებთან.  მოკლედ რომ ვთქვათ,  საინტერესო გარემოა შექმნილი.  რაც შეეხება ამ სექციაში ნანახ ფილმებს,  განსაკუთრებულად სპეციფიური არაფერი მინახავს და   არც ერთი ხაზი  იკვეთება.  თუმცა მთავარი ისაა რომ   თითქმის ყველა ფილმში ერთ-ერთი საკვანძო და დომინანტური  თემა - სექსუალობაა.

როგორც ვიცით, სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ემზადები. როგორ მიდის სცენარზე მუშაობა და რა ისტორიაზე აგებ ამბავს?

სრულმეტრაჟიანი ფილმის ახალი სცენარი თექვსმეტი წლის ბიჭზეა. ბიჭზე, რომელიც პირველად ეხება ბრუტალურ გამოცდილებებს, იღებს სექსუალურ გამოცდილებას,  პირველი შეხება აქვს ნარკოტიკთან და ა.შ.  რეალურად  კი ისტორია უბრალო, ჩამოუყალიბებელ,  წყნარ  და წესიერ ბიჭზეა, რომელიც ფილმის განმავლობაში  მონსტრად იქცევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასკულუნურ და მკაცრ  ახალგაზრდად. მიზეზი კი მასზე განხორციელებული ზეწოლა ხდება; მსურს რომ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც ხშირ შემთხვევაში არავინ ლაპარაკობს. იმაზე თუ რაც წარმოადგენს რეალურად  ტაბუ, იმ გადახრილ და ბრუტალურ სამყაროზე,  სადაც ვცხოვრობთ და ვიზრდებით.   თუნცაც იმაზე, თუ  როგორი დამოკიდებულება გვაქვს სექსთან... სასაცილოა ამაზე საუბარი, მაგრამ დღემდე  ისე ხდება რომ  ახალგაზრდა ბიჭები პირველ სექსუალურ გამოცდილებას მეძავებთან,  საშინელ გარემოში იღებენ.  ფილმი კი გვიჩვენებს, თუ როგორ გადაიქცევიან  ეს ბიჭები პატარა ბავშვებიდან მოსტრებად.  ფილმი დასვამს შეკითხვებს იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი.  შევეცდები ვისაუბრო იმაზე, რომ რეალურად  ისინი პატრიარქალური სისტემის მსხვერპლნი არიან.

ქართულ კინოპოლიტიკასაც რომ შევეხოთ,  ჩვენ არაერთი  სირთულისა  და კომპლექსური პრობლემის წინაშე ვდგავართ. თითქოს მიდის  ლოკალური მუშაობა, გამოითქმის კრიტიკა, თუმცა ფუნდამენტური ცვლილელები ჰორიზონტზე არ ჩანს.  როგორ გესახება განვითარების გზა?

რეალურად პრობლემას ის წარმოადგენს რომ  ჩვენი კინოსაზოგადოება  ჩაკეტილია.  მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ფესტივალზე ყოველმა მეორემ იცის ქართული კინოს შესახებ,  მაინც რაღაცნაირად ამ ეთნო ამბავში დავრჩით. ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირიდან გამოყოლილი ესთეტიკა დაგვრჩა, მეორე მხრივ კი  ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ელემენტები. ფონს გასვლას სწორედ ამით ვცდილობთ.  რეალურად კი მგონია ყველაფერი შესაცვლელია.  ჩვენ, ახალმა თაობამ, ახალგაზრდა რეჟისორებმა, კინოს გადაღება უნდა დავიწყოთ.  პირადად ჩემთვის, რაც შენც აღნიშნე საკუთარ რეცენზიაში,  წყალგამყოფი  ლაშა ცქვიტინიძის „ მე ვარ ბესოა“ (https://www.magnettemag.com/visual-art/2017/4/3/- რედაქცია),  რომელიც რეალურად  ის კინოა,  რაც მე მომწონს და რაც მინდა რომ ჩვენთან დომინირებდეს.  რაც მინდა რომ  პირადად მე ვაკეთო... ჩვენ თაობაში არავის ყოფნის გამბედაობა, რათა აღიარონ ამ ფილმის მნიშვნელობა. რაც შეეხება პრობლემებს,  პრობლემა თვითონ სისტემაშია, რადგან ასეთი  კინოს გადაღება   საქართველოში პრობლემას წარმოადგენს. თუნდაც გავიხსენოთ რა  მოხდა ლაშა ცქვიტინიძის სცენარზე -„არმატურა“, გავიხსენოთ თუ როგორი რეაგირებაც გააკეთა ჟიურიმ. ეს ყველაფერი   ნათლად გვიჩვენებს რომ სისტემაში სერიოზული პრობლემაა და ამ ყველაფრის  ძირეული ცვლილებაა საჭირო. ამ ამბის შემდეგ ერთი წელი გავიდა და  ადეკვატური პასუხიც კი არ გაუციათ. საერთოდ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ,  როცა ხელოვანს ეუბნებიან - ბევრი ძალადობის სცენა გაქვს სცენარში და  ამიტომ  არ  დაგაფინანსებთო... როდესაც ქვეყანაში, ყოველი მეორე თუ არა, ქალების  50 პროცენტი  ძალადობის მსხვერპლია. ჩვენ ვიცით თუ  როგორი საშინელი სიტუაციააა ქვეყანაში. რომელ ქართულ ფილმში გინახავთ ამ ყველაფრით დაინტერესება? ან რომელ ფილმშია ეს სიტუაციები აღწერილი?!  ეს მოთხოვნა ცხადია  ვერ იქნება, ავტორს ვერ აიძულებ რომ ამ ყველაფერზე იმუშაოს, ამაზე გადაიღოს ფილმები. თუმცა  კითხვისნიშნებს ის უფრო აჩენს, რომ არავინ ამ თემებზე არ საუბრობს.  რეალურად ეს ყველაფერი ხომ რაღაცის ბრალია?!  ტაბუებისა და ძირგამომპალი სისტემის,  რაც ვფიქრობ  საბოლოოდ უნდა დასრულდეს.  გულწფელი რომ ვიყო,  რაღაც ეტაპზე მეც ამ ყველაფრის მსხვერპლი ვიყავი და ცოტა შეშინებული ვარ. შეიძლება ცქვიტინიძესაც ჰქონდა იგივე პრობლემა,  როცა პირველ სცენარში - “მე ვარ ბესო” - უფრო თამამი არ/ვერ  არის,  ვიდრე  მეორე სცენარში.  ამ ყველაფრის მიზეზი კი იმის საფრთხეა, რომ გაგაჩერებენ;  ამ ყველაფრის გარდაქმნის გზას ავტორების რადიკალიზმში ვხედავ.  საქართველოში პოპულარულია იდეა, რომ რეჟისორმა კინო უნდა გადაიღოს და სხვა არაფერი აკეთოს, სხვა არაფრით დაინტერესდეს.  მე პირიქით ვფიქრობ. რეჟისორი უნდა იყოს აქტივისტიც. მითუმეტეს  მაშინ როცა არსებობს ცენზურა და ასეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება თუ მუშაობა.

ესაუბრა ალექსანდრე გაბელია


bakur tvrineli